logo
ENG



ბრეგაძე: წინა ჯერზე, როცა დენისოვამ სააკაშვილი მოინახულა, ცალმხრივი განცხადება გააკეთა

16 ნოე 202111:27
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული მისი შესვლა საპატიმროში.

"არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება". - თქვა მინისტრმა. 

მისივე განცხადებით, წინა ჯერზე, როცა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, მან ცალმხრივი განცხადება გააკეთა. 

"როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი, ჯერჯერობით, არ იქნა შეშვებული. ასევე, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს. წინა შემთხვევაში, როდესაც დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებულიყო ორივე მხარის პოზიცია იმიტომ, რომ პირველად, როდესაც ის ბრძანდებოდა მე-12 დაწესებულებაში და გამოვიდა, გააკეთა მხოლოდ ცალმხრივი განცხადება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის იმის შესახებ, სიმართლეს თუ შეესაბამებოდა ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს". - თქვა რატი ბრეგაძემ. 

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. ის საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. მან იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.

ლუდმილა დენისოვა რატი ბრეგაძესთან პირადად დაკავშირებასაც ცდილობდა, თუმცა, იურტიციის მინისტრმა მის ზარებს და მესიჯებს არ უპასუხა. 

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, "პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, უარი ეთქვათ". 

მისივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ აქვთ.

13 ნოემბერს სააკაშვილთან არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ორი ლიეტუველი დეპუტატი. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა